ირანის შვიდი მოქალაქე, რომლებიც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ სუს-მა პასუხისგებაში მისცა

12 დეკემბერი 2018, 00:00 2241 ნახვა

სამართალდამცველებმა საქართველოში მცხოვრები ირანის შვიდი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდის გამოყენებით უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ. ისინი საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის ბანკში თანხებს, საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით რიცხავდნენ. 

ბრალდებულები კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შემოსავალმა 2 097 000 ლარი შეადგინა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბინების ჩხრეკისას ამოღებულია ირანული წარმოების ტერმინალები და დიდი ოდენობის თანხა.  

''სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც ამოიღეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა, „შავი ბუღალტერია“ და ირანული წარმოების ტერმინალები, რითაც დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებს'' - წერია განცხადებაში. 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეებს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი