თორნიკე რიჟვაძე მშენებლობებზე - ''ყველა ჩინოვნიკს მოეთხოვება პასუხი გულგრილობისთვის და თუნდაც გადაწყვეტილების მიუღებლობისთვის''

05 დეკემბერი 2018, 00:00 6787 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს ბიზნესომბუდსმენთან ბიზნესმენების შეხვედრაზე მივიდა და თავისუფალი ბიზნესგარემოს შესახებ ისაუბრა. გამოსვლის დროს, მეწარმეებს, განსაკუთრებით კი მშენებლებს უთხრა, რომ მათი პროექტები არ უნდა გაჩერდეს და მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ამას თვითმმართველობამ.  რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ქალაქის მერები გააკრიტიკა, რადგან მისი თქმით, გენერალური გეგმის მიღებამდე შეტანილი პროექტები შესაძლოა შეჩერებულია. 

"მინდა თქვენი ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო. რა თქმა უნდა ქალაქს სჭირდება გენერალური გეგმა, რომლის საფუძველზეც უფრო კარგად მოხდება იმ სამშენებლო პროექტების მოწესრიგება, რომელიც საჭირო არის ჩვენი ქალაქისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა, ამავდროულად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კატეგორიულად მიუღებელია გაჩერდეს პროექტები, მეწარმეებს შეექმნას პრობლემები, მშენებლებს განსაკუთრებით. პროექტებს, რომლებიც არის შემოტანილი სჭირდება ძალიან ყურადღებით მიდგომა, სჭირდება შესაბამისი კვლევები და კოორდინაციაში უნდა მოხერხდეს, რომ ბიზნესს არ შეექმნას რაიმე სახის შეფერხება. ორი მთავარი მიდგომა - ეს არის ბიზნესის თავისუფლება და ვერავინ გაბედავს, რომ მათ ჯიბეში ხელის ფათური დაუწყოს. მეორე არის, რომ ყველა ჩინოვნიკს მოეთხოვება გულგრილობისთვის და თუნდაც გადაწყვეტილების მიუღებლობისთვის პასუხი" - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ვის სთხოვს პასუხს მთავრობის თავმჯდომარე და გულისხმობდა თუ არა იგი ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს? ამ კითხვაზე, მთავრობის თავმჯდომარემ პირდაპირ არ უპასუხა. თქვა, რომ გულისხმობს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც ყველაზე მეტი ეკონომიკური აქტივობაა და ყველაზე მეტი სამშენებლო პროექტი შემოდის. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, ქალაქის არასწორი ურბანული განვითარების გამო, მოქალაქეებმა გამართეს საპროტესტო აქციები. ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ კი არჩევისთანავე დადო პირობა, რომ ბათუმის გენერალური განვითარების გეგმას მიიღებდა, რეგულაციების მიღებამდე კი მაქსიმალურად შეეცდებოდა ნებართვების გაცემის შეზღუდვას. სხვა მუნიციპალიტეტებში, ამ ეტაპზე, განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა არ მიდის. 

"ეს არის კომპლექსური საკითხი, თუმცა მე გითხარით რომ მორატორიუმები, გადაწყვეტილების მიუღებლობა არის კატეგორიულად მიუღებელი. და ასევე, მიუღებელია გულგრილობა ნებისმიერი ჩინოვნიკის მიმართ. მე გესაუბრებით პრინციპის დონეზე, თუ ასეთი ფაქტი გამოვლინდება იქნება მყისიერი რეაგირება" - ამბობს რიჟვაძე. 

მთავრობის თავმჯდომარეს არ აქვს პრეტენზიები კ2 კოეფიციენტის (დადგენილზე მაღალი შენობებისთვის სპეციალური ნებართვების გაცემა) მიმართულებით. თვლის, რომ ეს საკითხი სწორად არის რეგულირებული. 

"მიმაჩნია, რომ ე.წ. განაშენიანების კოეფიციენტების რეგულირება არის თვითმმართველობის საკითხი და ეს სწორად არის მოწესრიგებული. რაც შეეხება პროექტებს, უნდა იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა ბიზნესზე. ქვეყნის რეიტინგებს თუ დავაკვირდებით, ბოლო წლებში, მგონი ვერავინ უარყოფს იმ წარმატებას, რომელიც არის ბიზნესის თავისუფლების კუთხით, მეექვსე ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს" - ამბობს რიჟვაძე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში