შსს ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყებამ ოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა და უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავა. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვას გულისხმობს. დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. მისი ოჯახი ამბობს, რომ ჩხეტია დღეს, 15:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ისინი ჩხეტიას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ. ლუკა ჩხეტია, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანამდე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა.