მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის.
ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის. ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის.