რა აჩვენა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველმა და მეორე ტურმა? ეს არის კითხვა რომელსაც ყველა მხარე სვამს და ასევე ყველა მხარე სცემს პასუხს. ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იყო „პრინციპული არჩევანი,“ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება კი - იმ შიშით გამოწვეული, რაც მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას უკავშირდება.
შესაბამისად, პოლიტოლოგები მესამე ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანებისთვის, პოლიტიკურ ცხოვრებაში რადიკალური გარდაქმნაა აუცილებელი, ამაზე კი მათივე თქმით, უნდა იფიქროს როგორც „გაერთიანებულმა ოპოზიციამ,“ რომელიც შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, ისე - „ქართულმა ოცნებამ.“ პოლიტოლოგების, ექსპერტებისა და კონსტიტუციონალისტების შეფასებები და მოლოდინები ნათია კოპალიანმა მოისმინა.