პოლიციელებს ხმების სანაცვლოდ დაწიანურებას ჰპირდებიან - გაერთიანებული ოპოზიცია

26 ნოემბერი 2018, 00:00 1994 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა დღეს ბრიფინგზე თქვეს, რომ აჭარაში დასაქმებულ პოლიციელებს იბარებენ და წოდების მომატების სანაცვლოდ მხარდამჭერთა სიების მიტანას სთხოვენ. ასევე, ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერას კატეგორიულად უკრძალავენ. 

გია ხალვაშის ინფორმაციით, მმართველი გუნდის ხმების მოპოვებას დაშინების მეთოდებით ცდილობს. 

''სამართალდამცავი ორგანოები ბიძინა ივანიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უსამართლობების სამჭედლოდ აქცია. ის პოლიციელებს თავისუფალი არჩევანის უფლებას არ აძლევს. სოციალურ ქსელში აქტივობის გამო, მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. პოლიციელები, რომლებიც წოდებას ელოდებოდნენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების წარდგენა დაევალათ" - თქვა ბრიფინგზე გია ხალვაშმა, რომელიც ყოფილი პოლიციელია.  

მისი თქმით, ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტებიც გააჩნია, თუმცა პოლიციელების უსაფრთხოების გამო მასალას ვერ გაასაჯაროვებს.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ირწმუნება, რომ პოლიციელებს სოციალურ ქსელში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აქტივობების მოწონება და გაზიარებაც ეკრძალებათ.

''ქართულ ოცნებაში'' გია ხალვაშის განცხადებას აბსურდს უწოდებენ. ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ  ოპოზიციური პარტიის მხრიდან მსგავსი შინაარსის ბრიფინგები მოსალოდნელი დამარცხების შიშს უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ უწყების წარმომადგენლებს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი