არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. განცხადება უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. დღეს არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდა მესამე სექტორმა სამართალდამცავ ორგანოებს.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა თანამშრომელმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ - სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. წყარო კონკრეტულ პირებზე საუბრობს. ასევე განმარტავს გაყალბების გეგმასაც. „გაუგონარი ბრალდება და აბსურდული წინადადება“ - ასე გამოეხმაურა უწყება ბრალდებას სპეციალურ ბრიფინგზე.