სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, საარჩევნო ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ფოტოები გამოჩნდა

15 ნოემბერი 2018, 00:00 4883 ნახვა

საარჩევნო სააგიტაციო ბილბორდებზე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ფოტოები გამოჩნდა. ბილბორდებზე მითითებულია "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის სახელი და გვარი, საარჩევნო ნომერი, ხოლო კანდიდატის ფოტოს ნაცვლად, "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია ჩასმული. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არის ბილბორდებზე პრეზიდენტობის კანდიდატის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ფოტო, პრემიერმა თქვა, რომ "აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის''. 

"თითოეული ჩვენთაგანი, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში და აქ განსაკუთრებული არაფერი არაა.  „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, გუნდის ყველა წარმომადგენელი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში" - თქვა მამუკა ბახტაძემ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბილბორდზე კანდიდატის ნაცვლად სხვისი ფოტოს გამოყენება არ არის დარღვევა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა, თუმცა ამ ბილბორდებმა არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესი ფინანსური კუთხით გამოიწვია. 

უფრო კონკრეტულად კი, საიამ დაიწყო საკითხის შესწავლა, ვინ დაამზადა ეს ბილბორდები და ვინ გაიღო მისი განთავსების ხარჯები. საიას აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ პარტიას ამის უფლება არ აქვს.  

"კითხვის ნიშნები ჩნდება იმ მიმართულებით, ვინ დაამზადა ბილბორდები და ვინ დაფარა დამზადებისა და განთავსების თანხა. ეს, შესაძლოა, იყოს პარტიის მიერ გაწეული ხარჯი და თუ პარტიამ დაფარა ეს ხარჯები ნიშნავს, რომ გაიღო უკანონო შემოწირულობა. კანონმდებლობით პარტიას ამის უფლება არ აქვს. საია სწავლობს არის თუ არა რაიმე ტიპის დარღვევა ამ მიმართულებით" - აცხადებს ირმა პავლიაშვილი. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი