„საახალწლო ღონისძიებებს კავშირი არა აქვს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან“- თბილისის მერია

11 ნოემბერი 2018, 00:00 1631 ნახვა

წუხელ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერია ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ზაზა სარალიძის მიმართვა მერიისადმი და შემდგომში მერიის პასუხი პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან არაერთგვაროვნად შეფასდა. როგორც ტექსტშია აღნიშნული თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა.

„1-ელ ნოემბერს თბილისის მერიას წერილით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა. მოთხოვნა შეეხებოდა საპროტესტო აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელებას. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ, კანონით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში, საპასუხო წერილით აცნობა აქციის ორგანიზატორებს დეკემბრის თვეში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და თხოვნით მიმართა მათ, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება. მოგეხსენებათ, თბილისში, პარლამენტის წინ ყოველწიურად, ტრადიციულად იმართება საახალწლო ღონისძიებები. თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა. თბილისის მერია იცავს კანონს და მოსახლეობის ინტერესებს. თბილისში ყოველთვის ტარდება სხვადასხვა სახის შეკრებები და მათთვის დედაქალაქის მთავრობა არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი