ეს არის კიდევ ერთი ტყუილი და თვალთმაქცობა - პრემიერი სააკაშვილისა და უგულავას ''შერიგებაზე''

08 ნოემბერი 2018, 00:00 1810 ნახვა

''ერთობა მათ ჰქონდათ მუდმივად, ვინაიდან ერთიანები იყვნენ იმ ძალადობაში, რასაც ისინი 2012 წლამდე ახორციელებდნენ'' -  საქართველოს პრემიერ მინისტრი მიხეილ სააკაშვილისა და ''ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეხვედრას ასე გამოეხმაურა. 

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთი ტყუილი და თვალთმაქცობა.

''დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს ერთობა ყოველთვის იყო. საქმე გვქონდა იაფფასიან მცდელობასთან, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' ერთ ნაწილს დისტანცირება მოეხდინა იმ საერთო წარსულიდან, რომელიც მათ აერთიანებთ'' - თქვა პრემიერ მინისტრმა ბრიფინგზე. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპონენტებმა ბევრი ტყუილი თქვეს. 

„ამდენი რაოდენობის ტყუილი, დეზინფორმაცია და ე.წ. ფეიქნიუსი არ ვიცი, თუ რომელიმე ტიპის საარჩევნო კამპანიაში დემოკრატიულ ქვეყნებში დაფიქსირებულა. ეს არის ის ტყუილების ტალღა, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვაკვირდებით და ეს ყველაფერი ამავე დროს ძალიან მარტივად გადასამოწმებელია“, – განაცხადა  ბახტაძემ.

მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას გუშინ ჰელსინკიში შეხვდა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ იქმნება “ახალი ერთობა, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია”.

“ევროპული საქართველო” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2017 წლის იანვარში გამოეყო.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, კი დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მისი გუნდი მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი