ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მორიგი პროტესტი. მედ - პერსონალთან ერთად აქციაზე რიგითი მოქალაქეებიც შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა ახლად აშენებული საავადმყოფოსთვის ინვენტარის და სამედიცინო აპარატურის შეძენაა. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ მოძველებული ტექნიკა კლინიკის გაკოტრებას გამოიწვევს, რასაც საავადმყოფოს გასხვისება და კერძო კომპანიის მმართველობაში გადასვლა მოჰყვება. მათივე თქმით, აჭარაში მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო საავადმყოფოს გაყიდვა სამედიცინო მომსახურებას გააძვირებს და ამით მოსახლეობა დაზარალდება.
აქციაზე შეკრებილებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი შეხვდა. მალხაზ ხალვაშმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება გაახმაურა და თქვა,რომ კლინიკის გასხვისება არ იგეგმება, ახალი ტექნიკის შეძენას კი ცენტრალური ხელისუფლება უზრუნველყოფს. რაც შეეხება დავით სერგეენკოს - მინისტრი ირწმუნება,რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აუცილებლად დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში და საჭირო დაფინანსებაზე, მისი უწყება და რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო ერთობლივად იზრუნებენ.