აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს სხდომის დასრულების შემდეგ 28 ოქტომბრის არჩევნები პირველად შეაფასა და განაცხადა, რომ შეცდომების ანალიზი მიმდინარეობს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, სოციალური ფონი და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
მთავრობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლების გეგმების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდიან.
''ჩვენს ქვეყანაში დღეს თუ არის დემოკრატიის მარალი ხარისხი, ეს პირველ რიგში არის მმართველი გუნდის ''ქართული ოცნების'' დამსახურება. მაგრამ სოციალური ფონი, ხალხთან კომუნიკაციის ნაკლებობა, ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვერ ხერხდებოდა ჩვენს მხარდამჭერებთან კონტაქტი, რათქმაუნდა არის ამ შედეგის მიზეზი. ჩვენ ამაზე უკვე ვაკეთებთ ანალიზსს. დარწმუნებული ვარ მეორე ტურისთვის ყველა ეს წინაღობა იქნება აღმოფხვრილი. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენს შეხედულებებს და გეგმებს, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს ყველა ადამიანთან მივიტანთ. ხალხს ექნება გასაკეთებელი არჩევანი, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ქვეყნის თავისუფალ განვითარებას, მეორე კი ძალიან მძიმე არჩევანი. დარწმუნებული ვარ ხალხი გამოიჩენს სიბრძნეს'' - განაცხადა რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ბათუმში მხარდამჭერთა მობილიზების კუთხით იყო ჩავარდნები, რაც მეორე ტურში აღმოიფხვრება.
''საარჩევნო კამპანიის ფორმატში სხვადასხვა ფორმით მოხდება მოქალაქეებთან კომუნიკაცია, მოხდება მათი პრობლემების გააზრება და გეგმების ახსნა. ბათუმში ჩვენს ვერ შევძელით იმ მხარდაჭერის მოპოვება, რომელსაც ველოდებოდით, ეს არის გარკვეულწილად იმის ბრალი, რომ მხადამჭერების მობილიზება ვერ მოხდა. არის გარკვეული ჩავარდნები, თუმცა არის მუნიციპალიტეტები, სადაც მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობდა. მერწმუნეთ მეორე ტურში ხარვეზები იქნება აღმოფხვრილი და შევძლებთ გამარჯვებას. პარტიული მენეჯმენტის კუთხით იქნება მეტი მობილიზება და მხარდაჭერა'' - უთხრა ჟურნალისტებს თორნიკე რიჟვაძემ.
კითხვაზე რამ შეუშალა ხელი მმართველ გუნდს აქტივის მობილიზებაში, თორნიკე რიჟვაძეს არ დაუმალავს, რომ კომუნიკაციის კუთხით ჩავარდები იყო.
''არსებობს პარტიული მენეჯმენტის საკითხები, კომუნიკაციაში ჩავარდნები. ეს საჭიროებს გამოსწორებას. გავაანალიზებთ ამ ყველაფერს. ჩვენ ხალხის დაკვეთა გავიზიარეთ და მეორე ტურისთვის აქტიურად მოვემზადებით. პარტიული მენეჯმენტი გაძლიერდება. იქნება მეტი კომუნიკაცია და მხარდამჭერების მობილიზება'' - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.