მირზა სუბელიანმა გუშინ თვითმკვლელობა სცადა - ბრალდებულის ადვოკატი

16 ოქტომბერი 2018, 00:00 2468 ნახვა

მირზა სუბელიანმა ციხეში გუშინ თვითმკვლელობა სცადა - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა. ეკა ხუციშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სტრესულ მდგომარეობაშია. 

''მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, დღეს დაგეგმილი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. ​ის სტრესულ მდგომარეობაშია. არც იმ ფაქტს დაგიმალავთ, რომ სუბელიანს გუშინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. რაც შეეხება ჩანაწერების დეტალებს, ამ საკითხზე ბრალდებულს არც ჩვენთან უსაუბრია'' - განაცხადა ადვოკატმა. 

უფლებადამცველის განმარტებით, მირზა სუბელიანი ოთხი თვეა, სამარტოო საკანში იმყოფება. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანმა გუშინ, 15 ოქტომბერს, თვითმკვლელობა სცადა. 

''ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება'' - წერია უწყების განცხადებაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ, ''რუსთავი 2“-მა  აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის განმარტებით, ის გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ყოფილი მარალჩინოსანი  ''ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ხუციშვილს ესაუბრება.

დღეს კი პროკურატურამ კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც კვლავ სუბელიანი და ჯაფარიძე ფიგურირებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი