კარანტინის გამო ზოოპარკი კიდევ 3 თვე ვერ გაიხსნება - რა იქნება ზოოკუთხის ნაცვლად პარკში

18 სექტემბერი 2018, 00:00 3086 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკში ზოოკუთხე კარანტინის გამო მთელი ზაფხულის განმავლობაში დახურული იყო, ზოოპარკის გახსნა ვიზიტორებისთვის მინიმუმ მომდევნო სამ თვეშიც არ იგეგმება. 

ამჯერად, ზოოკუთხეში ცხოველების​ მკვდრად​შობადობის ფაქტები დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კონკრეტული ციფრები არ უთხრეს, მიზეზი კი, სავარაუდოდ, კვლავ პნევმონია და ვირუსული ინფექციებია.​​

''ზოოპარკი იყო საკარანტინო პერიოდზე, ეს პროცესი ახლაც გრძელდება, დაკავშირებულია გარკვეულ პერიოდთან. როგორც წესი ხდება განსაკუთრებული ზრუნვა ცხოველების ჯანმრთელობაზე,'' - ამბობს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე.

რატომ გაგრძელდა კარანტინი მთელი სეზონი? - ზოოკუთხის ახალი დირექტორის გიორგი კალანდაძის განმარტებით, ეს ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა. მმართველი ირწმუნება, რომ ბოლო თვეებია ცხოველების დაცემის ფაქტი არა, თუმცა ავადობის გამო მკვდრადშობის ფაქტები დაფიქსირდა. გიორგი კალანდაძე ვარაუდობს, რომ საკარანტინო რეჟიმი კიდევ სამი თვე გაგრძელდება.

''არის ცხოველების კატეგორია, რომელთაც ჰქონდათ მიმდინარე ქრონიკული ინფექციური დაავადებები, რომელიც არ გადაეცემა ადამიანს, თუმცა საშიშია ზოოკუთხის გახსნა ვიზიტორების  ჯანმრთელობისთვის, რადგან მიმდინარეობს ცხოველებზე მძიმე მკურნალობის კურსი და პარალელურად სარემონტო სამუშაოები,'' განმარტავს ზოოკუთხის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე.

კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც აჭარის მაუწყებელმა ზოოკუთხეში  50-ე მეტი რქოსანი და პრიმატის დაცემის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მოგვიანებით, სიკვდილიანობის მზარდი სტატისტიკა მენეჯერებს შორის სასამართლო დავის საგანიც გახდა.

ზოოკუთხის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ირწმუნებოდა, რომ ცხოველები შეუსაბამო გარემოში ცხოვრობდნენ და ზოოპარკის გადატანის იდეა გაახმოვანა. იდეა ქალაქის მერს ლაშა კომახიძესაც მოეწონა და მალე ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუციებით კაფეების გახსნა დააანონსა. 

საზოგადოება ''ბათომის'' წევრი ირმა ზოიძე თვლის, რომ ზოოპარკის დახურვა/გადატანის საკითხი კომერციულ ინტერესებს ემსახურება.

''რეკრეაციულ ზონებში კიდევ უფრო მეტად აფართოებენ და ზრდიან სივრცეებს სხვა დანიშნულებით. მარტივია გააკეთო დასკვნა, რომ ვიღაცას ეს ადგილი და ეს ტერიტორია სჭირდება კომერციულად, ფულის საკეთებლად. ჩვენ და პირადად მე, მინდა მოვთხოვო ხელისუფლებას, თვითმმართველობას და ქალაქის მერიას, რომ სწრაფად დადოს პარკის განვითარების გეგმა'', - ამბობს ირმა ზოიძე.

კონცეფცია ჯერ არ არის, უცნობია რა დატვირთვას მიცემს რეკრეაციულ ზონაში გამოთავისუფლებულ ტერიტორიას ქალაქის მერია. 

რაც შეეხება ზოოკუთხეს და დაავადებული ცხოველებს, მათი მოვლა და ახალი ზოოპარკის მოწყობა უკვე  ბათუმის ბოტანიკური ბაღის პასუხისმგებლობაა. ადგილი და სავარაუდო მშენებელი ცნობილია, ჩაქვში ზოოპარკს ფონდი „ქართუ“ მოაწყობს. უცნობია მხოლოდ ის, როდის დაიწყება მშენებლობა და კიდევ რამდენ ხანს იქნებიან ცხოველები შეუსაბამო, არასათანადო პირობებში. 

 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი