უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. დღესვე დარეგისტრირდა რეგლამენტის პროექტი, დოკუმენტი უმაღლესმა საბჭომ სამი მოსმენით საშემოდგომო სესიის ბოლომდე უნდა მიიღოს. როგორც საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები აცხადებენ, უმაღლესი საბჭოს მიერ აჭარის მთავრობის კონტროლის მექანიზმი მკაცრდება, რეგიონის მმართველის ყოველწლიურ ანგარიშთან ერთად, მკვიდრდება მინისტრის საათი და მთავრობის წევრები ვალდებული იქნებიან საკანონმდებლო ორგანოს ანგარიში ჩააბარონ. რეგლამენტში აისახება საგამოძიებო კომისიის შექმნის, პოლიტიკური დებატების გამართვის, ასევე კომიტეტების სხდომების დახურვის წესი.
უმაღლესი საბჭოში აცხადებენ, რომ რეგლამენტის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაუგზავნეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 20 შენიშვნა ჰქონდა, აქედან 11 გაითვალისწინეს. დღეს ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები აჭარის აუდიტის სამსახურის უფროსად კახაბერ კირტავას დანიშვნასა და რეგიონის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშზე იმსჯელებენ.