გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ლომეს პორტისკენ მიემართება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

24 აგვისტო 2018, 00:00 4151 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, კონგოს ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარებული გემი PANTELENA დაფიქსირდა , რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის გემი ლომეს პორტისკენ მიემართება. მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
 
''საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის  ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.
 
ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი  უზრუნველყოფილი იქნას  პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა).
 
შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამა, ასევე ნიგერიაში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად'' - წერია განცხადებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საზოგადოებას და მედიას დეტალური ინფორმაცია გემის უსაფრთხო წყლებში შესვლის შემდეგ მიეწოდებათ.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა კავშირი რამდენიმე დღის წინ გაწყდა. 

ტანკერ ''პანტელენასთან“ ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი