აქცია- მსვლელობა  ბათუმში   დიდგორობასთან  დაკავშირებით 

12 აგვისტო 2018, 00:00 3059 ნახვა

დიდგორობასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა ბათუმში. ვარდების სკვერში შეკრებილებს შორის  „ქართული მარში“-ს  წევრები და ლიდერიც იმყოფებოდნენ. სანდრო  ბრეგაძის განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნა  დავით აღმაშენებლის ძეგლის ვარდების სკვერში განთავსება და „დიდგორობის“ სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებაა. „ქართული მარში“-ს ლიდერის თქმით, აღმაშენებლის ძეგლი არა მერიის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე, არამედ  ქალაქის ცენტრში უნდა დაიდგას, სადაც მემედ აბაშიძისა და ზვიად გამსახურდიას ძეგლებიც უნდა განთავსდეს. აქციაზე  იმყოფებოდა პოეტი ვახტანგ ღლონტი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ვარდების სკვერში „დავითობაზე“ მივიდა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ორგანიზატორი. სიტყვით გამოსვლისას მან  მეჩეთის მშენებლობაზეც ისაუბრა.

აღნიშნა , რომ მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ  წინააღმდეგია პოლიტიკური მეჩეთის აშენების. აქციის მონაწილეებს შორის იყო  ჟურნალისტი რევაზ მსხილაძეც, რომელიც ორგანიზატორებს   მხარდაჭერას უცხადებდა.  ვარდების სკვერიდან აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს და  ქუთაისის ქუჩაზე ჩაიარეს, სადაც კომერციული ობიექტების ნაწილს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ამუშავებენ. მსვლელობის მონაწილეები  შეძახილებით, გალობითა და სიმღერით გადაადგილდებოდნენ.  დიდგორობის სახელით გამართული აქცია  ღვითისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან დასრულდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი