465 ობიექტი გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის არარსებობის გამო დაჯარიმდა - შსს

26 ივლისი 2018, 00:00 2026 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ექვს თვეში, არაგეგმიური შემოწმებების დროს, 465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის არარსებობის, ან სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო დააჯარიმა, ხოლო 252 ობიექტს გაფრთხილება მიეცა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლიცენზირებადი სააფთიაქო ქსელები, აზარტული თამაშების ობიექტები (მათ შორის ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი, ლოტო, სამორინე), ავტო-გასამართი სადგურები და სავალუტო ობიექტები ვალდებულნი არიან, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟება და შეუფერხებლად მუშაობა უზრუნველყონ.

უწებაში განმარტავენ, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებების მოგროვებაში დაეხმარება და დანაშაულის უმოკლეს ვადაში გახსნას შეუწყობს ხელს.

''საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტების არაგეგმიურ შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. კონტროლდება გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, კონკრეტულად კი, რამდენად ეფექტურად არის ხედვის არეალი დაფარული. ასევე, დამონტაჟებულია თუ არა ობიექტის გარე პერიმეტრზე 2 მთავარი კამერა (გარდა აფთიაქებისა ყველა სხვა ობიექტს ევალება სათადარიგო შესასვლელის არსებობის შემთხვევაში ერთი სათადარიგო, იგივე პარამეტრების მქონე ვიდეოკამერის განთავსება) შესაძლებელია თუ არა ძირითადი ან სათადარიგო (გარდა აფთიაქებისა) შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსის დაფარვა, აქვს თუ არა სისტემას 30 დღიანი ჩანაწერის შენახვის მეხსიერება, არის თუ არა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა და დღე-ღამის რეჟიმში იძლევა თუ არა ვიდეოჩანაწერი შესაძლებლობას, რომ ზემოაღნიშნულ არეალში მოხდეს პიროვნების სახის იდენტიფიკაცია'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

წელს არაგეგმიური შემოწმება 1640 ობიექტში ჩატარდა. უახლოეს მომავალში არსებულ სიას ლომბარდებიც დაემატება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი