აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აპარატის უფროსად, საგზაო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არჩილ ჩიქოვანი დანიშნა, რომელიც ამავდროულად მისი ოჯახის ახლობელია.
აღნიშნულ პოზიციაზე არჩილ ჩიქოვანი 21 ივლისიდან მუშობს. მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, 2 დღის წინ გამოქვეყნდა. მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი აჭარის უმაღლესმა საბჭომ შაბათს, 21 ივლისს, დაახლოებით 18 საათზე დაამტკიცა. სავარაუდოდ, იმავე დღის ბოლოს დანიშნეს აპარატის უფროსად ჩიქოვანიც.
თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა. ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საკანონმდებლო ორგანოში განხილვების დროს დაადასტურა.
რიჟვაძეს აპარატის გარდა, კიდევ ერთი ნათესავი, კონკრეტულად კი ქვისლი საკანონმდებლო ორგანოშიც ჰყავს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძისა და თორნიკე რიჟვაძის მეუღლეები დეიდაშვილები არიან.