უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის და მინისტრობის კანდიდატებს 5 საათზე მეტია უსმენდნენ

19 ივლისი 2018, 00:00 2124 ნახვა

უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის და მინისტრობის კანდიდატებს 5 საათზე მეტია უსმენდნენ. ყველაზე მეტი კითხვა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერ წევრებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატთან ჰქონდათ.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ყველაზე მეტი პრობლემა რეგიონის სწორედ ეკონომიკური განვითარების კუთხით და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში აქვს. დღეს უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატიც აცხადებდა, რომ აქამდე ძირითადად ფინანსების გადანაწილება ხდებოდა და საჭიროა ეკონომიკური ზრდა, საინვესტიციო პოლიტიკის გაუმჯობესება.

თავად მინისტრობის კანდიდატი ჯაბა ფუტკარაძე გეგმავს აქტიურად იმუშაოს ინვესტორებთან და ამბობს, რომ აქვს შესაბამისი გამოცდილება. ასევე აპირებს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას, რაც მისი თქმით მოქალაქეებს სარგებელთან ერთად ეკონომიკური პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

ეკონომიკის ფუნდამენტური ნაწილი უნდა გახდეს სოფლის მეურნეობა ტიტე აროშიძის განცხადებით, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატია. ამბობს, რომ ქართული პროდუქტის ხარისხი უნდა გაიზარდოს და რეგიონისა და ქვეყნის ბაზრებს გასცდეს. ასევე აპირებს უფასო ფულის- ანუ დონორების მოზიდვას სოფლის მეურნეობაში.

ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტის გაზრდას აანონსებს ზაალ მიქელაძე, რომელიც დაკავებულ თანამდებობას ინარჩუნებს. მისი თქმით გაიზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და იშვიათი დაავადებების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება.

განათლების ხარისხის ამაღლებაზე აკეთებს აქცენტს კიდევ ერთი ძველი სახე მინისტრთა კაბინეტიდან. ინგა შამილიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ერთ ჯაჭვში მოქცევა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი