ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია და გაფიცვაც დროებით შეწყდა. აჭარის მთავრობის აპარატში გამართული შეხვედრის შემდეგ, მძღოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამი დღის განმავლობაში წყვეტენ გაფიცვას და სამუშაოს უბრუნდებიან.
"იმისთვის, რომ ქალაქში აღდგეს ნორმალურად მოძრაობა, ჩვენ დავიშლებით და ხვალიდან სამი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ ხაზებზე, შემდეგ კი გვაქვს მოლოდინი, რომ შევხდებით ქალაქის მერს და ჩვენს სასიკეთოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას" - განაცხადა მაუწყებელთან ზვიად დიასამიძემ, რომელიც ერთ-ერთია გაფიცულ მძღოლებს შორის, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა.
სამარშრუტო ტაქსის მძღოლები დღეს დილიდან გაიფიცნენ, ისინი მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ქალაქში 450 მიკროავტობუსის ნაცვლად, დღეში მხოლოდ 250 რჩება ხაზზე მუშაობის უფლება.
მერიაში განმარტავენ, რომ ეს სისტემა გაამარტივებს ვითარებას ქალაქში და დაალაგებს ამ სფეროში არსებულ ქაოსს.
მერიის გადაწყვეტილება, ბათუმის საკრებულომ ერთი თვის წინ მოიწონა და მიიღო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მძღოლებს არ ჰქონდათ. დღეს, საკრებულო სატრანსპორტო სტრატეგიას უყრიდა კენჭს, გაფიცულ მძღოლებს კი ეგონათ, რომ დღეს წყდებოდა 250 მიკროავტობუსის მოძრაობის წესების დადგენა.
სწორედ ამიტომ დაიწყო დილიდან გაფიცვა.