კირნათისა და მარადიდის მოსახლეობამ, ხელვაჩაურში ''კირნათი ჰესთან'' მისასვლელი გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტა. ადგილზე ასამდე ადგილობრივია შეკრებილი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელში მცხოვრებ 17-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება. მათი თქმით, წყლის დონის მატების გამო, საკარმიდამო ნაკვეთები და სასაფლაოები პერიოდულად იტბორება. ისინი განსახლებისთვის კომპენსაციას ითხოვენ.
ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჰესს კომპანია „აჭარენერჯი 2007“ 4 წელია აშენებს.
საკომპენსაციო თანხის შესახებ, კომპანიასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. თუმცა ნაწილთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.
ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფება. მისი ინფორმაციით, შესაძლოა აქციის მონაწილეებთან შესახვედრად საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც მივიდეს.