საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა საქართველოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით სირიის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაეროსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გადაეცათ. უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელ ივნისს გაეროსთან მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გაეროს გენერალურ მდივანს აცნობა.
შეგახსენებთ, 2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც რუსეთის სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პირდაპირ მხარდაჭერას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის განკარგულების საფუძველზე, ქართულმა მხარემ შეწყვიტა „საქართველოს რესპუბლიკასა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე“ 1993 წლის 18 მაისის დადებული შეთანხმების მოქმედება“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.