სირია და აფხაზეთი ურთიერთაღიარებაზე და საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯინბამ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ამ მოვლენას წინ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საელჩოს დიდი მუშაობა უძღოდა.
"მაღალ შეფასებას ვაძლევთ სირიის არაბული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ამ ნაბიჯს და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით განვითარდება.
დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დროში სირიის მიწაზე სიმშვიდე დაისადგურებს და მისი ხალხი მშვიდობიან ცხოვრებას დაიწყებს - ხაჯინბას ამ განცხადებას მისი დეფაქტო პრეს-სამსახური ავრცელებს.