კლუბებში მაშინ შევედით, როცა ხალხი მაქსიმალურად ფხიზელი იყო  - გიორგი გახარია

18 მაისი 2018, 00:00 1846 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დრო, სწორად იყო შერჩეული. გიორგი გახარიას თქმით, 12 საათზე კლუბებში მინიმალური რაოდენობის ხალხი იმყოფებოდა, მათი დიდი ნაწილი კი ჯერ კიდევ ფხიზელი იყო. 

''თქვენ ვერ მანახებთ ვერცერთ ადამიანს, რომლის თავიდან ერთი თმის ღერი ჩამოვარდა ამ დღეს, ვინც კლუბის შიგნით იმყოფებოდა. ასევე ვერ მანახებთ ვერცერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართა, მაგალითად ჯანდაცვის ორგანოს. არჩევანი გავაკეთეთ ამ დროზე და არა სპეცოპერაციის გამთენიისას ჩატარებაზე. ჩვენ შევედით და ამ ხალხს მოვუხადეთ ოდიში და ვუთხარით, რომ 260-ე მუხლის დათქმის საფუძველზე თქვენ თუ რაიმე უკანონო გაქვთ ხალხო, შეგიძლიათ ჩააბაროთ პოლიციას, დატოვოთ აქ. დიდი ბოდიში და მიბრძანდით''. 

მინისტრის თქმით, სპეცოპერაციის ჩატარებას წინ, სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები უძღვოდა. საგამოძიებო გუნდმა კი ეს დრო შეარჩია.

''ზუსტად კლუბური ცხოვრების დაწყების წინ დავაკავეთ 8 რეალიზატორი, ჩვენი მიზანი იყო მანამდე დაგვეკავებინა და არა კლუბებში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის. ერთმა უბრალოდ მიგვასწრო. რატომ ეს დრო? ორშაბათ დილით კლუბში შესვლა იქნებოდა როგორც მინიმუმ გასაკვირი, ზოგიერთი ჩვენი კოლეგისგან აბსოლუტურად ობიექტურად ღიმილის მომგვრელი. სწორედ ამიტომ იყო ეს დრო არჩეული'' - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში.

გიორგი გახარია განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები არის დასაწყისი და ქსელის გამოვლენის პირველი ნაბიჯი. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ვერავინ ვერასოდეს შეზღუდავს ზონებს, სად შევიდნენ სამართალდამცველები და სად – არა. 

„ჩვენ არ ვმუშაობთ მარტო. აქ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რადგან ძირითადი ტრაფიკი კლუბური ნარკოტიკის სწორედ იქიდან მოდის. ეს არის ძირითადად ჩვენი მეზობელი პარტნიორი ქვეყნები და ევროპელი პარტნიორები, საიდანაც ძირითადი ტრაფიკი მოდის. მინდა, რომ ვეცადო, თქვენ შეგიქმნათ შინაგანი რწმენა, მართლა გვქონოდა და გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ ყველაფერმა მიიღო სისტემატური სახე, ეს სისტემური პრობლემაა”, – განაცხადა გახარიამ.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი