''ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული'' - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. გიორგი გახარიამ სამინისტროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა.
მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„2018 წლის იანვარში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომლის მიზანია ისეთი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა, სხვადასხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული. დეპარტამენტმა, შექმნის დღიდან შეიმუშავა შიდა და გარე მონიტორინგის მექანიზმები, გაიდლაინები და რეკომენდაციები გამომძიებლებისთვის, აქვს აქტიური კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან. დროებითი მოთავსების იზოლატორებში – განახლდა ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს ახალი კამერებით და სამედიცინო პერსონალით აღჭურვის პროცესი“ - თქვა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი სახელითა და ახალი ფუნქციებით, უბნის ინსპექტორების ნაცვლად, უბნის ოფიცრები იმუშავებენ. გიორგი გახარია თქმით, ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა უკვე არსებობს. სულ მალე კი ღია კონკურსი გამოცხადდება.