''საქართველოს რკინიგზას'' ''ჩქაროსნულის'' ჩაქვში გაჩერებას სთხოვენ 

17 მაისი 2018, 00:00 2809 ნახვა

ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებლის ჩაქვის სადგურში გაჩერების მოთხოვნით, 1300 ხელმოწერა შეგროვდა. ადგილობრივები ''საქართველოს რკინიგზის'' წარმომადგენლებს თხოვენ, დაბაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყოს. კონკრეტულად  დაბალი ბაქანი ამაღლდეს. მატარებელი კი ქობულეთის შემდეგ ჩაქვში გაჩერდეს. 

ზვიად დავითაძე ამბობს, რომ ჩაქვი მატარებლის გაჩერება კომფორტული იქნება როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. 

დავითაძე ყვება, რომ ამ საკითხზე პრეტენზიები წინა სეზონზე ვიზიტორებმაც გამოთქვეს. 

ხელმომწერებმა ''საქართველოს რკინიგზისგან'' წერილობითი პასუხი მიიღეს, სადაც წერია რომ წელს სამუშაოები ვერ განხორციელდება. 

''საქართველოს რკინიგზა'' ახორციელებს არაერთ ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს, ამ ეტაპზე მოკლებული ვართ ბაქანის ამაღლებას. შესაბამისად, მაგისტრალური ჩქაროსნული მატარებლის გაჩერების შესაძლებლობას. გვინდა გაცნობოთ, რომ დაბა ჩაქვში სამგზავრო ბაქანზე სამუშაოების განხორციელება ''საქართველოს რკინიგზისთვის'' ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს'' - წერია განცხადებაში. 

თბილისიდან ბათუმისკენ მომავალი ჩქაროსნული მატარებელი სამჯერ ჩერდება - ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში.

იმისათვის, რომ ჩაქვიდან მოქალაქეები თბილისში მატარებლით წავიდნენ,  ქობულეთში ან  ბათუმში უნდა ჩავიდნენ. ამისთვის კი დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდებათ. 

ტურისტები ჩაქვში ხშირად მტირალას ეროვნული პარკის სანახავად მიდიან. ასევე მწვანე კონცხის ერთ-ერთი შესასვლელი ჩაქვიდან არის. დაბაში საცხოვრებელი სახლები სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, აქ კომფორტული პლაჟია. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი