''ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ჩვენ კომპრომისზე წავედით, მეტ კომპრომისზე ვეღარ წავალთ'' - ბექა წიქარიშვილი

14 მაისი 2018, 00:00 2387 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები იწყება.

შეხვედრას ესწრებიან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები დავით სუბელიანი, ბექა წიქარიშვილი, სოფიო ვერძეული, „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე გეთია და ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი გურამ იმნაძე.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები ესკალაციის თავიდან ასაცილებლად კომპრომისზე წავიდნენ, თუმცა მეტის დათმობას აღარ აპირებენ. 

''კონკრეტული ადამიანები ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართული, ჯერ შეთანხმებული არ არის. ეს პრინციპული ამბავია, ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია მოქალაქეებისგან. ეს ყველაფერი საზოგადოების ნდობისთვის გვჭირდება. ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ წავედით კომპრომისზე და მეტ კომპრომისზე ვეღარ წავალთ. გვჭირდება დალაპარაკება ბევრ ჯგუფთან. აქციაზე მხოლოდ ''თეთრი ხმაური'' არ იმყოფებოდა. შესაბამისად ეს უნდა შეთანხმდეს ყველასთან. ჩვენ ვმოქმედებთ დემოკრატიული პრინციპით,  დაპირისპირებას ვერ დავუშვებდით'' - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა

მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ისინი გუშინ გვიან ღამით, გიორგი გახარიას მიმართვის შემდეგ დაიშალნენ. პარასკევის ღამის მოვლენებს კი, მოძრაობის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად დღეს განიხილავენ. 

შსს-მ 12 მაისს, გამთენიისას, კლუბებში „ბასიანსა“ და ''კაფე გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი