ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სპეცოპერაციის ორგანიზატორების პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვენ

12 მაისი 2018, 00:00 1962 ნახვა

გუშინ გვიან ღამით კლუბებში ჩატარებულ მასშტაბურ  სპეცოპერაციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ  დაუყოვნებლივ დადგეს შსს-ს იმ თანამდებობის პირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ადამიანის უფლებების აშკარა და  უხეში უგულებელყოფით ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია.

"გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 10 მაისის სასამართლო განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო სანქცია თბილისის რამდენიმე კლუბის ტერიტორიის ჩხრეკასთან დაკავშირებით. 12 მაისს ჩხრეკის ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური საპოლიციო ძალის გამოყენებით გვიან ღამით განახორციელა, როდესაც კლუბებში ასეულობით ადამიანი იყო თავშეყრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაწყებისას კლუბებიდან ადამიანების გაყვანა ზოგიერთ შემთხვევაში ღირსებისშემლახავ პირობებში მოხდა, ხოლო, შესაბამისი კლუბების მესაკუთრეებს და ადმინისტრაციას არ მიეცათ ჩხრეკის პროცესში სრულყოფილი დასწრების შესაძლებლობა.

კლუბის გარეთ გამოყვანილი ახალგაზრდების ჯგუფმა, ისევე როგორც მასშტაბური სპეცოპერაციებით უკმაყოფილო ადამიანებმა ბასიანის მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური შეკრება დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულ შეკრების მონაწილეებს პოლიცია, მათი დიდი რიცხვის მიუხედავად, გზის სავალი ნაწილის დაკავების შესაძლებლობას არ აძლევდა და კორდონითა და აგრესიული ქცევით ტროტუარებზე, აშკარად არასაკმარის სივრცეებში აიძულებდა განლაგებას. საბოლოოდ პოლიციამ ეპიზოდური და აგრესიული მოქმედების, რამდენიმე ადამიანის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების და შეკრების ზოგიერთი ლიდერის დაკავებით, მოახერხა შეკრების მონაწილეების ჯგუფების იზოლაცია, სხვადასხვა ქუჩებზე გაფანტვა და მასშტაბური კორდონით შეკრების ტერიტორიის გაწმენდა. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში შეკრება მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა და პოლიცია მეტწილად თავად ქმნიდა ესკალაციისა და დაკავების თვითნებურ ინციდენტებს.

კლუბ ბასიანის მიმდინარე ტერიტორიაზე შეკრების ფაქტობრივი დაშლის პირობებში, სპონტანური აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიცია ასევე ძალის დემონსტრირებას, შიშისა და დაუცველობის გარემოს შექმნას შეეცადა და ზოგიერთ შემთვევაში ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის თვითნებური დაკავების ფაქტი.

შეკრებებზე ასევე მოხდა სპონტანური შეკრების შესაძლო ლიდერების დაკავება, რაც მთლიანობაში შეკრების დროს პოლიციის ზოგადი მიდგომების გათვალისწინებით, პროტესტის წინააღმდეგობის და თვითორგანიზების დასუსტების ინტერესზე მიუთითებდა.

ჩვენი ინფორმაციით, გუშინ ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა 40-მდე ადამიანის ადმინისტრაციული წესით დაკავება. რამდენიმე მათგანმა დაკავების დროს მიიღო ფიზიკური დაზიანებაც. საწყის ეტაპზე ჩვენთვის რთული იყო დაკავებული პირების ადგილსამყოფელის დადგენა და მათთან ადვოკატების დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა. დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების მიმართ რაიმე ტიპის ძალადობის, ან კანონდარღვევის ფაქტი ამ დრომდე არ ფიქსირდება.

ცხადია, ხელმომწერი ორგანიზაციები ვიაზრებთ ნარკორეალიზაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას და ამ კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებებს. ეს პროცესი გავლენიანი დანაშაულებრივი ქსელების გამოვლენითა და მათ მიმართ მკაცრი რეაგირებით უნდა დაიწყოს. ამავე დროს, აუცილებელია წამალდამოკიდებული პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის არსებითი ცვლილება და არაჰუმანური და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაცვლად, ზრუნვაზე და სოციალურ რეაბილიტაციაზე ორიენტირებული მიდგომების ამოქმედება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დაანონსებული რეფორმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეაჩერა და ის მხოლოდ საპოლიციო რეპრესიის და კრიმინალის სფეროში დატოვა.

შეკრებების ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით მართვის პრობლემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა, 12 მაისს თბილისის ქუჩებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული აპარატის აგრესიული დემონსტრირების ცალსახა და ბოლო დროს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტთან პოლიცია პერიოდულად, „მიკრო სპეცოპერაციით“ აკავებდა მშვიდობიან მოქალაქეებს და როგორც წესი, პოლიციის ამგვარი ძალისხმევა მიმართული იყო სწორედ სამოქალაქო/პოლიტიკური აქტივისტების მიმართ.

მოგვიანებით შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში განხორციელდა 8 ადამიანის სისხლის სამართლის წესით დაკავება. თუმცა, როგორც მოგვიანებით ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული დაკავება არ მომხდარა სპეცოპერაციის შედეგად და ისინი მანამდე სხვა სიტუაციაში, კლუბების ტერიტორის გარეთ დააკავეს. ამ პირობებში ცხადია კითხვის ნიშნები ჩნდება ამ ფორმით და მასშტაბებით ჩატარებული სპეცოპერაციების აუცილებლობასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. კითხვის ნიშნები ჩნდება ჩხრეკის განჩინების დასაბუთებულობასთან დაკავშირებითაც, რომელიც კლუბების ტერიტორიაზე ზოგადი, არაინდივიდულიზებული ხასიათის ჩხრეკისა და ადამიანების ფართე ჯგუფის უფლებების შეზღუდვის თანმდევ მაღალ რისკებს შეიცავდა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერები მოვუწოდებთ სახელმწიფოს:

•  დაუყოვნებლივ დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებების აშკარა და უხეში უგულებელყოფით ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია;

• საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება შეკრების მონაწილეების სავარაუდო უკნონო დაკავების, პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებისა და მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლის ფაქტებზე;

• სასამართლომ დაკავებული შეკრების მონაწილეების საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და შეკრების თავისუფლების სტანდარტების განუხრელი დაცვით უზრუნველყოს;

• მთავრობამ სათანადოდ გაიაზროს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ არსებული მკაცრი პოლიტიკის მძიმე სოციალური შედეგები და რეპრესიაზე და დასჯაზე ორიენტირენული მიდგომების ნაცვლად, ის სოციალურ ზრუნვაზე ორიენტირებული გახადოს. ამასთან, ადამიანის უფლებების პატივისცემით უზრუნველყოს ნარკოტიკების რეალიზაციასთან ბრძოლა.

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას უფლების დარღვევის მსხვერპლებს აღმოვუჩინოთ საჭირო სამართლებრივი დახმარება. ამასთან მოვუწოდებთ მოქალაქეებს უფლების დარღვევის შემთხვევების შესახებ გაგვიზიაროთ ინფორმაცია, რაც სიტუაციის სრულყოფილი შეფასებისა და რეაგირების შესაძლებლობას მოგვცემს",- ნათქვამია განცხადებაში

განცხადებას  9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს:

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)"

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი",

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)",

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)",

"ადამიანის უფლებათა სახლი",

"ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)",

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)",

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია",

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)".

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი