დიდი რაოდენობით ოქრო, საქართველოს ტერიტორიაზე, საზღვრების გავლით, მოქალაქეებს სხეულზე შემოკრული და ავტომობილებში სპეციალურად გაკეთებული სამალავებით შემოაქვთ.
სამართალდამცველებმა, ბოლო რამდენიმე დღეში, კონტრაბანდის 5 ფაქტი დააფიქსირეს.
ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა, ავტომობილში მოწყობილი სამალავებით საზღვარზე - 238 ცალი ოქროს ყელსაბამი და 2 ოქროს ზოდი შემოიტანეს. ხოლო დანარჩენ სამ შემთხვევაში, ოქროს ნაკეთობები მოქალაქეებს ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე ჰქონდათ მიმაგრებული.
ამოღებულია 429 000 ლარის ღირებულების, 4 590 გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები.
არადეკლარირებული ნივთები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი, მეორე და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.