ქობულეთში 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა

02 მაისი 2018, 00:00 2542 ნახვა

ქობულეთში, მენინგოკოქცემიით დიაგნოზით, 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე ინფორმაციას ადასტურებს.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ნიჟარაძე ამბობს, რომ  რეგიონში დაავადების ფაქტები იშვიათია, თუმცა იგი,  ხშირ შემთხვევაში, ლეტალურად სრულდება.

"სამწუხაროდ გარდაიცვალა 5 წლის ბავშვი, დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ეს დაავადება აჭარის რეგიონში იშვიათად ფიქსირდება, წელიწადში საშუალოდ 2 ადამიანი ავადდება. მენინგოკოქცემია სწრაფად პროგრესირებს, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ ორ დღეში მძიმდება. 2016 წლიდან რეგიონში 2-2 ფაქტი გვქონდა და ყოველწლიურად დაავადებული 2-დან ერთი შემთხვევა ლეტალურად სრულდებოდა" - ამბობს ნიჟარაძე.

მედიკოსების განმარტებით, ამ დაავადების სიმპტომებია სიცხე, ყელისა და თავის ძლიერი ტკივილები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები. დაავადება გადამდებია, შესაძლებელია ვირუსის მატარებელი იყოს ნებისმიერი სურდოს მქონე პირი, თუმცა მას არაფერი დაუშავდეს. 

დაავადების რისკის ქვეშ 1-დან 14 წლამდე მოზარდები ითვლებიან. ლეტალობის რისკი 20%-დან 40-%- მდეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს იმუნიტეტი აქვს დაბალი, ან რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია. 

აჭარაში  მენინგოკოქცემიის ფაქტი წელს პირველად დაფიქსირდა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი