NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ არსებული მთავრობის მუშაობა საშუალო შეფასებას იმსახურებს

30 აპრილი 2018, 00:00 2344 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% - ერთიან “ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% - “ევროპულ საქართველოს“. კვლევა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში  ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 2 194 მოქალაქე გამოიკითხა.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა. გამოკითხულთა 24 % აცხადებს, რომ კრიმინალის დონე იგივე დარჩა, 9 % მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე არ შეცვლილა, ხოლო 4% მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე თუ როგორ შეიცვალა -  არ იცის. 

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 71 % სრულად ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო მისი სახლია და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

გამოკითხულთა 40% ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი, 24% აცხადებს, რომ საზოგადოება კარგად გაუმკლავდა კრიზისებს წარსულში და მომავალ კრიზისებსაც კარგად გაუმკლავდება, ხოლო გამოკითხულთა 22% სრულად ეთანხმება მოსაზრებას - „სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების ძალები, ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები შეძლებენ ჩვენი მოსახლეობის დაცვას.

გამოკითხულთა 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს. ამასთან, გამოკითხულთა 29% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს. 27-მა პროცენტმა კი  – დააფიქსირა პასუხი – „არ ვიცი“. მოსაზრებას – „ჩემს ადგილობრივ ხელისუფლებაში  კორუფციის პრობლემა არსებობს, გამოკითხულთა 40% არ ეთანხმება, 35% ეთანხმება, ხოლო 24%-მა არ იცის. ამასთან, გამოკითხულთა 51% არ ეთანხმება, რომ საჯარო ინსტიტუტებში (საჯარო რეესტრი, სახელმწიფო საავადმყოფოები, სკოლები და ა.შ)  კორუფციის პრობლემა არსებობს, 29% ეთანხმება, ხოლო 19-მა არ იცის.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე – “როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო“, 29 პროცენტმა უპასუხა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ამდენივე – 29 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, გამოკითხულთა სამმა პროცენტმა კი არ იცის.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს რუსული სამხედრო აგრესია წარმოადგენს – ნათქვამია კვლევაში. კითხვაზე, რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს, გამოკითხულთა 33% რუსული სამხედრო აგრესიას ასახელებს. გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაა, ხოლო 9% ფიქრობს, რომ საფრთხე ტერორიზმია. გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს რუსული პროპაგანდა წარმოადგენს, ხოლო 5% აცხადებს, რომ საფრთხეს წარმოადგენს თურქეთის ინტერესები საქართველოში. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% საფრთხედ რელიგიური დაპირისპირებებს ასახელებს, ხოლო 3% მიიჩნევს, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს წარმოადგენს. გამოკითხულთა 2% აცხადებს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ეთნიკური დაპირისპირებებია, ასევე 2% მიიჩნევს, რომ საფრთხეა ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. გამოკითხულთა 8% ქვეყნის წინაშე ყველა დიდ საფრთხედ სხვა საკითხებს ასახელებს.

გამოკითხვის თანახმად, მაღალია განცდა, რომ ქართული მედია დეზინფორმაციას უწყობს ხელს. მოსახლეობის 68 პროცენტმა განაცხადა, რომ ქართული ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ, რაც აღემატება იმ ადამიანების რიცხვს (45 პროცენტი), რომლებიც ამავეს ფიქრობენ რუსული არხების შესახებ. მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ რუსეთი (57 პროცენტი),ევროკავშირი (47 პროცენტი) და აშშ (45 პროცენტი) საკუთარი ინტერსების გატარების მიზნით საქართველოში ინფორმაციას ავრცელებენ. თუმცა მოსახლეობის 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი ცრუ და ტყუილ ინფორმაციას ავრცელებს. მოსახლეობის 25 პროცენტის აზრით, ევროკავშირი და 26 პროცენტის აზრით, აშშ-ც მიმართავენ მსგავს დეზინფორმაციას საქართველოში. „ქართული მედიისადმი გამოხატული ასეთი მაღალი უნდობლობა მაუწყებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის საგულისხმო უნდა იყოს,“ - განაცხადა ნდი საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა, - „დეზინფორმაციის პრობლემა გლობალური გამოწვევაა, რომელიც დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს საფრთხეს უქმნის. ამ პირობებში აუცილებელია, რომ საქართველომ მოსახლეობისთვის სანდო მედია სივრცის შექმნას შეუწყოს ხელი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი