ლიბიაში დაკავებული ბათუმელი მეზღვაური გაათავისუფლეს

29 აპრილი 2018, 00:00 3841 ნახვა

დაკავებული ქართველი მეზღვაური, რომელიც დღეს გაათავისუფლეს,  ლიბიას ახლო მომავალში დატოვებს. ინფორმაცია, ოჯახს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა. ბათუმელი სოსლან კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ, მალტის მცირე ზომის სანავთობო ტანკერ სოვერეინ ემ-ზე  დააკავეს. მან პატიმრობაში თითქმის 3 წელი გაატარა. მზარეულმა ხომალდზე მხოლოდ 12 დღე იმუშავა. ცარიელი ტანკერი ადგილობრივმა დაჯგუფებამ  ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს აიყვანა.

ლიბიური მხარის მტკიცებით, სოვერეინ ემი კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას დედაქალაქ ტრიპოლიში გეგმავდა. დაკავების დროს მესაზღვრეებმა ტანკერის ეკიპაჟის წევრები სასტიკად სცემეს, ხუთ დღეში კი ელ-ზავიას ციხეში გადაიყვანეს, რომელიც სისასტიკით, ჯერ კიდევ ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის მმართველობის დროიდან არის ცნობილი. სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლომ ქალაქ ტრიპოლიში გამართულ პროცესზე დღეს მიიღო. ეგვიპტეში  საქართველოს  ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა  დაკავებული სხვა ქართველი მეზღვაურები მოინახულა. იგი   შეხვედრებს მართავს ლიბიის საგარეო უწყებასთან.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი