მოსახლეობას კომპენსაცია აღებული აქვს, თუმცა დამატებით 3 ლარსა და 20 თეთრს ითხოვს

27 აპრილი 2018, 00:00 2359 ნახვა

ქობულეთის 4 სოფლის მოსახლეობა, ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო დამატებით კონპენსაციას ითხოვს. მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეობის თქმით, კომეპენსაციის სახით, ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ფართობში 5 ლარი და 60 თეთრი მიიღეს, დღეს კი 3 ლარისა და 20 თეთრის დამატებას ითხოვენ. ყვებიან, რომ თანხის ოდენობა ადრეც გააპროტესტეს, მაშინ კომპანიის წარმომადგენლებმა მათ 60 თეთრი დაუმატეს. ყველა ოჯახს ხელშეკრულებაზე ხელი გასულ წელს აქვს მოწერილი. 

საუბარია სოფელ წყავროკაში, მუხაესტატეში, ცეცხლაურსა და ზენითში მცხოვრებ  160 ოჯახზე.

მოქალაქეებს, მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შეხვდა. კახა შაშიკაძის განცხადებით, პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახორციელებდა. საკითხზეც სწორედ აღნიშნულმა უწყებამ და კომპანიის წარმომადგენლებმა უნდა იმსჯელონ.

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე ტენდერი 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა.

პროცესებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“ კურირებდა. 

'ჰიგიენა 2009'' ყოფილი დირექტორი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისების ბრალდებით გასულ წელს დააკავეს. საუბარი იყო გაფლანგულ, დაახლოებით 5 მილიონ ლარზე. 

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი EBRD-ის და SIDA-ს მხარდაჭერით ხორციელდება.  ის  ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი