ბათუმში კიდევ ერთ მანქანაზე ფარები მოიპარეს

17 აპრილი 2018, 00:00 3355 ნახვა

აჭარის მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, ბოლო ერთ კვირაში, ავტომობილის ფარების ქურდობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე მანქანა საცხოვრებელი სახლის ეზოში იდგა. 

ერთი ფაქტი ინასარიძის, მეორე  კი ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ორივე შემთხვევაში, მეპატრონეებს ავტომობილზე ფარები დილით მოხსნილი დახვდათ.

გუშინ, 16 აპრილს, აჭარის მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ფარების ქურდობას ეხებოდა, კიდევ ერთი მოქალაქე დაგვიკავშირდა.  გვითხრა, რომ მასაც იგივე მარკის ავტომობილის ფარები ახლახანს მოპარეს.

საუბარია ''ტოიოტა პრიუსის' მარკის ავტომობილზე'.  მოქალაქე ამბობს, რომ აღნიშნული ფარები ადგილობრივ ბაზარზე ძვირი ღირს და ქურდების სამიზნე სწორედ ამიტომ გახდა.

​‘’ამ მანქანების ფარებს ერჩიან, როგორც ჩანს, მეორად ნაწილებში ძალიან მოთხოვნადია, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მე მეორადი ფარების შეძენა 1600 ლარი დამიჯდა.  ხო, კიდევ ერთი საკითხი, მთავარია პოლიცია ქურდს ეძებს,’’ - გვწერს მაუწყებლის ფეისბუქ გვერდზე მოქალაქე.

აღნიშნული მარკის ავტომობილის ფარები ფასი,  მეორადი ნაწილების მაღაზიაში, 130-დან 170 ლარამდე მერყეობს.  ორიგინალის ღირებულება გაცილებით მეტია და 250 ლარიდან იწყება, გააჩნია მის მდგომარეობას. ახალი ფარები კარგ მდგომარეობაში სოლიდური თანხა ჯდება და იგი ბაზარზე დეფიციტურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ. სამართალდამცველები დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. 

2018 წელს, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  ავტომობილების დაზიანებისა და გაძარცვის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. ქურდობების  სავარაუდო ფაქტებს სოციალურ ქსელში მომხმარებლები აქვეყნებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი