ავტოავარიებისას დაღუპულთა და დაშავებულთა საგანგაშო სტატისტიკა. როგორც საგზაო უსაფრთხოების აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე, ბევრად აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს და ფატალური შედეგებით, ვუსწრებთ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა რუსეთი ინდოეთი, სომხეთი და სხვა პოსტსაბჭოთა და ევროპული ქვეყნები.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, გარდა თბილისისა, საქართველოს სხვა ქალაქებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა შსს-ში არ ხდება, შესაბამისად ვერ ხდება რისკის შემცველი ადგილების დადგენა და ანალიზი. გამომდინარე აქედან აუდიტის ჯგუფმა, ის ქუჩები, სადაც საგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდება „112“- ის შეტყობინების საფუძველზე გამოავლინა. მათ შორის ბათუმში, სადაც 4 შავი წერტილი აღირიცხა, ანუ გზები, რომელიც კლავს.