„აუდიტორია 115“-ის აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ხუთივე პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენა ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
„აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით აქცია-მსვლელობა 6 აპრილს გაიმართა. აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ილია ჭავჭავაძის გამზირიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს.