,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის განცხადებით, რეგიონის ფინანსთა სამინისტრომ შპს ,,ეიჩ გრუპ კონსტრაქშენთან” გააფორმა მორიგების აქტი, რომლის საფუძველზეც გია აბულაძის თქმით, ახალ ბულვარში კომპანიას მრავლფუნქციური, ობიექტის ასაშენებლად ტერიტორია უსასყიდლოდ გადაეცა. ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ მხარებს შორის შეთანხმების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომპანიას კ2 კოეფიციენტი გაუზარდა. ტერიტორიის გასხვისების საკითხის შესწავლის მიზნით გია აბულაძე აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მიმართავს.
აჭარის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მორიგების აქტი რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, მოსამართლის მიერ იყო ინიცირებული. რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, 2014 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ ენვერ ცეცხლაძისთვის ქონების ჩამორთმევა არ მომხდარა, რის შემდეგაც მინისტრის თქმით, ცეცხლაძემ 4 800 კვადრატული მეტრი ფართობის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის სანაცვლოდ მისი კანონიერი უფლების დაკმაყოფილება მოითხოვა.