შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კომპანია, რომელიც შუახევში წყალსადენის მაგისტრალს აშენებდა, 350 ათასი ლარით დაჯარიმდა. მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ხელშეკრულების თანახმად 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ ვადები დაარღვია. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ისინი კანონის შესაბამისად დაჯარიმდნენ, თუმცა სამუშაოებს განაგრძობენ. მერის მოადგილის ომარ ტაკიძის განცხადებით, კომპანიაში მენეჯმენტი გამოიცვალა.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებენ. ნუგზარ ამაღლობელის განცხადებით, ზამლეთის ხეობის წყალმომარაგებისთვის, ობიექტის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ ეტაპზე კი სამუშაოები საერთოდ შეჩერებულია.
შუახევის მერის მოადგილე ირწმუნება, რომ ინფრასტრუქტურული ღონისძიების შეჩერება, კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია, სამუშაოები კი აპრილიდან განახლდება.
წყალსადენის მშენებლობისთვის შუახევის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი იხარჯება, წყლით სამი სოფლის 500-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.