''შეაჩერეთ უკანონო მშენებლობა'' - ენმ ბულვარში ''მერიოტის'' მშენებლობაზე 

01 მარტი 2018, 00:00 2695 ნახვა

ბათუმის ბულვარში, დელფინარიუმის მოპირდაპირე მხარეს მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებით, ადგილზე არა გეოლოგიური სამუშაოები, არამედ საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს.

‘’შეიძლება თქვენ ვერ ერკვევით მშენებლობაში, მაგრამ თვალებში ნაცარს ნუ გვაყრით და იდიოტებად ნუ გვთვლით. ვიცით, რომ საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს, ნებართვა კი გაცემული არ არის. თუ აღნიშნულ საკითხებში ვერ ერკვევით, ვინც ერკვევა ის ჩართეთ პროცესებში. წავიდეთ შეხვედრის დასრულების შემდეგ და ვნახოთ რას აკეთებენ. იქ უნებართვო მშენებლობა მიმდინარეობს, ეს კორუფციული სქემაა’’ - განაცხადა ლევან ანთაძემ.

ბათუმის მერმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უპასუხა, რომ სასტუმრო ‘’ჰილტონის’’ გვერდით ამ ეტაპზე სპეციალისტები გეოლოგიური დასკვნის მოსაპოვებლად გრუნტს სწავლობენ. ლაშა კომახიძის განმარტებით, ამისათვის კომპანიას ნებართვა არ სჭირდება.

მერმა აღნიშნა, რომ მისი შუამდგომლობით, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ნოდარ დუმბაძე გუშინ კომპანიის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. 

რამდენიმე დღის წინ, მშენებლობის დაწყების პროცესი დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელმა არმაზ ახვლედიანმაც გააპროტესტა და თქვა, რომ ეს კორუფციული გარიგების მაგალითია. 

ბათუმის დელფინარიუმის მოპირდაპირე მხარეს, სამუშაოებს კომპანია ''ალიანს ფრივილიჯიში'' აწარმოებს. კომპანიის იურისტის თქმით, ტერიტორიაზე 50 მილიონი ლარის  ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი