ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრიფინგი

18 იანვარი 2018, 00:00 2264 ნახვა

ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით, საქართველოს აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგი გამართა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემდეგ, კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია, თითქოს ვაქცინა, რომელიც საქართველოში 2015 წელს გაიხარჯა სიცოცხლისთვის საშიში იყო.

დავით სერგეენკოს განმარტებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემის მოგვარების ორი გზა ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთი დიდი ალბათობით ცოფით გარდაცვალების შემთხვევებს გამოიწვევდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, უწყებას შეეძლო შეეჩერებინა იმ ვაქცინის გამოყენება, სანამ ახალი არ შემოვიდოდა, თუმცა ეს ფატალურ შედეგამდე მივიდოდა. მისივე თქმით, იმ პერიოდში გაკეთებულ ვაქცინაციას გართულებები არ მოჰყოლია და პრეპარატი უვარგისი არ ყოფილა. მან მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელებისას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბოლო დროს ატეხილი აჟიოტაჟი იმუნიზაციის წინააღმდეგ დაწყებულ ანტიკამპანიას ემსახურებოდეს თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამაში აუდიტის სამსახური არ მონაწილეობს.

აუდიტის სამსახურმა დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა. განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების და არგუმენტების საფუძველზე, აუდიტმა დაასკვნა, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი