სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება.
ნინო გიორგობიანი საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთ საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სპეცოპერაციის დროს აღნიშნული ბინიდან დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება.
‘’სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე.მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან. მრავალსაათიანი და ინტენსიური ოპერაციის დროს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცავების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს, გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის გათვალისწინებით’’ - განაცხადა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დააკავეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორც მოხვდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოში. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.