ექვსი არასრულწლოვანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში. სხალთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის კარები შემთხვევით გაიღო, რის გამოც ბავშვები გზის სავალ ნაწილზე გადმოვარდნენ. დაშავებულები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, სამ მათგან ქალა ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა, ერთ პაციენტს კი მძიმე ხარისხის დაზიანებები ჰქონდა.
ავტობუსში მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. შემთხვევა ბათუმი - ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ გობრონეთთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 - ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლელა სურმანიძის ინფორმაციით, დაშავებულებს გამოკვლევები ჩაუტარდათ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რის შემდეგაც ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს ხვალ გააკეთებს.
ავარიის დროს დაშავებული ერთი პაციენტი ამ დრომდე ქედის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. კლინიკაში რეანიმობილის ელოდებიან, დაშავებულს დღესვე ბათუმში გადაიყვანენ.