საარჩევნო პლაკატები შადრევანზე

15 ოქტომბერი 2017, 00:00 4359 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში შადრევანზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების, ვაჟა შავიშვილისა  და მირიან ქათამაძის პლაკატებია გაკრული. ობიექტი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.  ქობულეთის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით  საარჩევნო მასალების განთავსება სხვადასხვა ტიპის ნაგებობებზე იკრძალება, თვითმმართველობაში არ უარყოფენ , რომ ობიექტი სახელმწიფო  ბალანსზეა,  ამტკიცებენ, რომ ფაქტით დაინტერესდებიან და მოკვლევას ხვალიდან დაიწყებენ, ირწმუნებიან, რომ სამართალდამრღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკრეტულ ღონისძიებებსაც გაატარებენ.

ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფი იმ დროს მივიდა, როცა სააგიტაციო მასალას შადრევნიდან   ხსნიდა ახალგაზრდა, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერების სახელით გაგვეცნო. მასთან ერთად იყვნენ სხვებიც, ჩვენი კამერის დანახვის დროს მათ აგრესია გამოხატეს და გვეუბნებოდნენ, რომ არ უნდა გადაგვეღო შადრევანზე გაკრული პლაკატები. ქართული ოცნების ქობულეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე ირწმუნება, რომ შადრევანზე სააგიტაციო მასალის გაკვრა კანონდარღვევა არ არის. შტაბში გვითხრეს ისიც, რომ შეეცდებიან გაარკვიონ იყვნენ თუ არა ქართული ოცნების მხარდამჭერები ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი