მოსწავლეების მშობლები ფიქრობენ, რომ წლის ბოლოს სასკოლო სახელმძღვანელოების ყიდვა მოუწევთ, რადგან წიგნები, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში დაარიგეს უკვე დაზიანებულია. მელანო ბოლქვაძე ამბობს, რომ სახელმძღვანელოების ნაწილი ახალი შეხვდა, თუმცა არის წიგნები, რომელიც უკვე შელახულია.
რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლეს ე.წ მეორადი სახელმძღვანელო აქვს. სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ მშობელს ახალის ყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევს, როცა ის წიგნს კარგავს და წლის ბოლოს სასწავლო დაწესებულებაში ვერ აბრუნებს. მარიზა აბაშიძის თქმით, წლის დასაწყისში მშობელსა და სკოლის დირექციას შორის მეორადი წიგნების გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ფორმდება, სახელმძღვანელოს უკან დაბრუნების შემთხვევაში მას ახლის ყიდვა არ უწევს.
„სასკოლო ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები, რომელიც შეიძლება შელახული, მაგრამ სასწავლად ვარგისი იყოს. მაგალითად შეიძლება ყდა არ ჰქონდეს, თუმცა ყველა ფურცელი ჰქონდეს. ბუნებრივია როცა მოსწავლე სახელმძღვანელოთი სარგებლობს, წიგნს ცვეთა აქვს. ამ წიგნს მშობელს ხელშეკრულების საფუძველზე გადავცემთ. ვალდებულია წლის ბოლოს დააბრუნოს მეტი არაფერი. თუ ძალიან დაზიანებულია მაინც ვიბრუნებთ და ხმარებიდან გამოსულ წიგნებში გადაგვაქვს“ - განმარტავს სკოლის დირექტორი.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ არ შეიძლება მოსწავლეს ყველა ნახმარი წიგნი შემხვდეს. კლასებში ძველისა და ახალის თანაბრად გადანაწილება დამრიგებლის პრეროგატივაა.
საქართველოს მასშტაბით წელს სასკოლო სახელმძღვანელოების დაახლოებით 60% განახლდა.