სამაშველო სამსახურს დახმარებისთვის 60 მდე ოჯახმა მიმართა

24 სექტემბერი 2017, 00:00 3224 ნახვა

ქობულეთში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გამო საგანგებო სიტუაციათა მართვის საგანგაშო გამოძახებების რიცხვი სამოცამდე გაიზარდა. რეაგირება უკვე მოხდა ყველა შეტყობინებაზე . 
მაშველებმა ხუთი ოჯახი საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანეს. ამ წუთებში კი სოფელ სამებაში მიდიან, სადაც მეწყერი საცხოვრებელ სახლებთან არის ჩამოწოლილი. რთული მდგომარეობის გამო დამეწყრილ ტერიტორიებზე გადაადგილება გართულებულია. 
სოფელ ქობულეთში გზაზე ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, საიდანაც მაშველებმა ოთხი მოქალაქე ამოიყვანეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები.
მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ წყრავროკაშიც, აქ ორ საცხოვრებელ სახლთან მეწყერია ჩამოწოლილი. 
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, აჭარის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ უთხრა, სამაშველოს ის მოქალაქეები უკავშირდებიან, რომელთა საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი და ღვარცოფი ძალიან ახლოსაა. 
სტიქიის ზონაში მუშაობს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს რამდენიმე ეკიპაჟი, ადგილზე მუშაობს საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა , მუნიციპალიტეტის საგანგებო შტაბის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურების ბრიგადები. 
ქობულეთის გამგებელის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მეწყრულმა პროცესებმა პრობლემა 11 ოჯახს შეუქმნა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია საგანგებოდ შექმნილ შტაბში ეტაპობრივად შედის.
სოფელ ქობულეთში ერთდროულად ათამდე მეწყრული კერა გააქტიურდა, ცენტრალურ გზაზე ჩამოიშალა მიწა, მოგლეჯილია ხეები. მოვარდნილმა ღვარცოფმა ცალკეულ უბნებში განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა შექმნა. ამ დროისთვის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ჯგუფები მუშაობენ, შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის სპეციალური შტაბი. 

ამავე კატეგორიაში