გიორგი მღებრიშვილმა არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ბრძანება გამოსცა

22 სექტემბერი 2017, 00:00 3094 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. დოკუმენტი დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს. აღნიშნული ბრძანება ძალაში დღეს შევიდა.

სამართალდარღვევების პრევენციის, ასევე, მათზე დროული და შესაბამისი რეაგირებისთვის, საქართველოს თითოეულ რეგიონში  პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე მოსალოდნელი საფრთხეების გამომწვევი მიზეზების გამოვლენას უზრუნველყოფენ.   

პასუხისმგებელი ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ: წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის სათანადო ზომების მიღებას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებას, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსალოდნელია ძალადობა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სხვაგვარი დარღვევა, რაც საფრთხეს უქმნის წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესს.

კენჭისყრის დღეს - 21 ოქტომბერს პასუხისმგებელი ჯგუფები სამოქმედო ტერიტორიაზეც  იმუშავებენ. ბრძანება, ასევე, ითვალისწინებს პოლიციელთა ვალდებულებას, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი დაიცვან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი