ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაციისა და რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

12 აგვისტო 2025, 12:20 86 ნახვა

ცესკო-ში აცხადებენ, რომ ადგილობრივი არჩევნებზე აკრედიტაციის მისაღებად მედიის წარმომადგენლებისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 29 სექტემბერია.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, აკრედიტაციისთვის ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადა 24 სექტემბრის ჩათვლით უნდა გააკეთონ, ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 27 სექტემბრის ჩათვლით.

„ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს. 2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით.  ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით მუშაობს, რათა 4 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე იყოს ადმინისტრირებული. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობა, პროცედურები და ღონისძიებები  აქტიურად ხორციელდება. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, პერიოდულად იმართება ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

შევახსენებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული პროცესის დაკვირვებითა და გაშუქებით, დროულად გაიარონ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად.

აკრედიტაციის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მედიის წარმომადგენლებისთვის 29 სექტემბერია (18:00 სთ.). რეგისტრაციის მიზნით ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას განაცხადის წარდგენა შესაბამის საარჩევნო კომისიაში 24 სექტემბრის (18:00 სთ.) ჩათვლით შეუძლია, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა კი ცესკო-ს 27 სექტემბრის  (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა მიმართონ. აკრედიტაცია/რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკო-ს ვებგვერდს – www.cesko.ge ან დაგვიკავშირდით კონტაქტ-ჰაბის  ნომერზე – 2 51-00-51“, – ნათქვამია ცეკო-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი