საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებს უფასო საეთერო დროს უთმობს

15 სექტემბერი 2017, 00:00 4753 ნახვა

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო  კვალიფიციურ და არაკვალიფიცურ სუბიექტებს უფასო საეთერო დროს უთმობს. საარჩევნო თემატიკაზე ეთერში ორი გადაცემა „ახალი სივრცე“ და „საარჩევნო ფაქტორი“  გავა. კვალიფიციური სუბიექტები პროგრამის პრეზენტაციებს თოქ-შოუ „ახალი სივრცეში“ გამართავენ, რომლის წამყვანიც ჟურნალისტი ირინა ყურუაა. პრეზენტაციები 4 დღეს -  23, 27, 28 და 30 სექტემბერს გაიმართება. გადაცემა 22 საათზე დაიწყება. ყველა კვალიფიციურ სუბიექტს თანაბარი დრო, ნახევარი საათი დაეთმობა.  რიგითობა წილისყრით განისაზღვრა, რომელშიც  პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 14 კვალიფიციური სუბიექტიდან, პროცესს 9 პარტიის წარმომადგენელი  დაესწრო.

გადაცემაში „საარჩევნო ფაქტორი“ დღესვე ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების სიის პირველი ნომრების დებატების წილისყრაც გაიმართა. მაუწყებელი ექვს გადაცემას მოამზადებს. თითეულ მუნიციპალიტეტს ერთი დღე დაეთმობა.  29 სექტემბერი - ქობულეთი, პირველი ოქტომბერი - ხელვაჩაური, 6 ოქტომბერი - ქედა, 8 ოქტომბერი - შუახევი,  13 ოქტომბერი - ხულო და 15 ოქტომბერი ბათუმი.  

წილისყრით გამოვლენილი კვალიფიციური პარტიებისა და ბლოკების  სიის პირველ ნომრებს დებატებისთვის პირდაპირი ეთერში ნახევარი საათი დაეთმობა. თითოეულ ბლოკში ოთხი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.  „საარჩევნო ფაქტორის“  წამყვანი  ჟურნალისტი  რუსუდან აბაშიძეა.  

15 არაკვალიფიციურ სუბიექტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო პრეზენტაციებისთვის საეთეროდ 21 სექტემბერს  ორ საათს უთმობს.  გადაცემა 22 საათზე დაიწყება. 

ამავე კატეგორიაში