ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს

30 ივლისი 2017, 00:00 4371 ნახვა

ქობულეთში, სოფელ წყავროკაში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე მაღაზიაში გუშინ მოხდა. სავაჭრო ობიექტის მეპატრონის  ინფორმაციით, დაზარალებულსა და სავარაუდო ეჭვმიტანილს შორის  სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ზურაბ მაკარაძის განცხადებით, ინციდენტის მონაწილე პირი მოგვიანებით უკან დაბრუნდა და 45 წლამდე მამაკაცი დანით დაჭრა. მაღაზიას კი ქვები დაუშინა. ობიექტის მეპატრონე სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს.

დაზარალებული ქობულეთის საავადმყოფოში სავარაუდოდ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დამნაშავე მიმალულია.  ადგილობრივების ინფორმაციით იგი ერთხელ უკვე ნასამართლევია.

ეჭვმიტანილის მეუღლე აცხადებს, რომ ქმარი ამ დრომდე არ დაკავშირებია. მისი თქმით, იგი გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად სახლში სვამდა, მოგვიანებით მაღაზიაში გავიდა, რა დროსაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა. დაჭრილი მათი მეზობელია. სავარაუდო ბრალდებულის მეუღლე განმარტავს, რომ აქამდე მათ შორის ურთიერთდაპირისპირების ფაქტი არ ყოფილა. რა გახდა ინციდენტის ზუსტი მიზეზი არ იცის. ამბობს, რომ პოლიციაში დაკითხვაზე ჯერ არ ყოფილა. სამართალდამცავები მათ სახლში უკვე იმყოფებოდნენ.

მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო,რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების წარმომადგენელთა განცხადებით ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი